გასულ კვირას გახმაურებული თემების შესახებ, კერძოდ, ქართველ ებრაელთა კვირეულთან და ისრაელის დიპლომატიური მისიის საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ სწორედ ბატონ იციკ მოშეს, დღევანდელი საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტს გავესაუბრეთ:
ბატონო იციკ, თქვენ ყოველთვის წარმოადგენდით საერთაშორისო და სამთავრობო ორგანიზაციებს და არა ქართველ ებრაელთა პოლიტიკურ გაერთიანებებს. რა იყო ამის მიზეზი და როგორია თქვენი შეხედულება ორი ქვეყნის დღევანდელი ურთიერთობების შესახებ?
როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, დღევანდელ რეალობაში, როდესაც გახსნილია საზღვრები და ებრაელები საქართველოდან, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან უბრუნდებიან საკუთარ სამშობლოს – თითოეული ებრაელის მიზანია "ისრაელიზაცია" (israelisation) და ისრაელის საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ეს არის ისრაელის მთავრობის პოლიტიკა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაა ქართველების საქართველოში დაბრუნება. ჩემი ხედვით, ამ სიტუაციაში ე.წ. დიასპორები, ანუ კუთხური ნიშნით შექმნილი დაჯგუფებები და პოლიტიკური გაერთიანებები თავისი არსით ეწინააღმდეგება ქართველ ებრაელთა ისრაელიზაციის მიზანს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაც ჩამოჰყავს საქართველოსა და ქართველ ებრაელთა ურთიერთობის დონეზე. მაშინ, როდესაც დღეს, როგორც არასდროს არის ისტორიული შანსი ორივე მხარემ იზრუნოს იმაზე, რომ ქართველების და ქართველი ებრაელების ურთიერთობა გადაიზარდოს საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში. სახალხო დიპლომატია ამ შემთხვევაში უნდა იყოს საშუალება მიზნის მისაღწევად და არა თავად მიზანი.
მაინც როგორ შეაფასებდით ქართველ ებრაელთა კვირეულს?
თავისთავად ნებისმიერი საზოგადოებრივი აქცია არის ჯანმრთელი და საინტერესო ფაქტი. აღნიშნულ კვირეულსაც ჰქონდა ემოციური და ნოსტალგიური დატვირთვა. თუმცა ჩემი პირადი აზრია, რომ ნოსტალგიის თემა საკმარისად გაშუქებული და ამოწურულია. დღეს გაცილებით სერიოზული და აქტუალური საკითხები დგას ჩვენს წინაშე. ეს არის ფაქტიურად ჩავარდნილი ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელთან. ეს არის თემა, რომელიც საფუძვლიან რეფორმას საჭიროებს.
მედია უკვე ალაპარაკდა ისრაელთან დიპლომატიური სკანდალის შესახებ...
ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება მოითხოვოს მეორე ქვეყნისგან საკუთარი ღირსების აღიარება დიპლომატიური წარმომადგენლის სახით. მაგრამ, ის, რაც დღეს ხდება ლოგიკურია და ამ პრობლემის მიზეზები უახლოეს წარსულში უნდა ვეძებოთ. ნება მომეცით, ისრაელის კრიტიკა ისრაელის პრესისთვის შემოვინახო, რაც შეეხება ქართულ მხარეს, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დიპლომატია ისრაელთან შემოიფარგლებოდა საქართველოს ხელისუფლების წევრების ქართველ ებრაელთა ოჯახებში სტუმრობითა და ქეიფებით. ეს ხდებოდა იმ წლებში, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა "ნაკლებად მეგობრულ" ქვეყნებში ისრაელიდან 10 მლრდ. დოლარის ინვესტირება მოხდა. ეკონომიკური ურთიერთობის მასშტაბს და პოტენციალის ამოქმედებას კი უდავოდ განსაზღვრავენ დიპლომატიური წარმომადგენლები. თუ საქართველოს ისრაელში ელჩი სჭირდება მხოლოდ დიასპორასთან ურთიერთობისთვის, შეუძლია საერთოდ უარი თქვას მასზე და ეს ხარჯი დაუზოგოს ქვეყნის ბიუჯეტს. ელჩის ფუნქცია უნდა იყოს თვეში მინიმუმ ერთი დიდი ინვესტორის შემოყვანა ქვეყანაში. ამის შესაძლებლობა დღეს გაცილებით დიდია, ვინაიდან საქართველოს ახალ ხელისუფლებას აქვს ფანტასტიკურად მაღალი იმიჯი ისრაელსა და დასავლეთში. გამოვიყენოთ ეს პერიოდი არა ტურისტული ექსკურსიებისთვის, არამედ რეალური, ეფექტური საქმის გასაკეთებლად.
რა გამოცდილებაა ისრაელთან ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით და რა კეთდება დღეს?
ყოფილმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობასთან შეთანხმებით დამნიშნა მრჩევლად ინვესტიციების სფეროში. მქონდა პატივი ვყოფილიყავი მონაწილე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისა სამ ქვეყანაში: აშშ-ში, ისრაელსა და თურქეთში. სამივე ქვეყანაში ვიყავი პრეზიდენტის ინვესტორებთან შეხვედრების ერთ-ერთი ორგანიზატორი. შეხვედრების დროს კარგად ჩანდა, რომ ინვესტორთა 60% მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად და სწორედ ამ მომენტს სჭირდება რეალიზაცია. ჩვენი გამოცდილებით ბოლო პერიოდში დაინტერესებულ ინვესტორთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ეს იყო უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე ერთად. თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ სერიოზული ინვესტორი ჩამოვა და იმავე დღეს განახორციელებს ინვესტიციებს, მან უბალოდ ეს სფერო არ იცის. ინვესტორთან საჭიროა მუშაობა და რამდენიმე ვიზიტი. მარტო ჩვენი გზით, როგორც პრეზიდენტის ვიზიტის შედეგი, უკვე არსებობს ინვესტორთა რამოდენიმე ჯგუფის განაცხადი 100 მლნ. დოლარამდე.
რა შეიცვალა უცხოელ ინვესტორთა დამოკიდებულებაში, გარდა იმისა, რომ გახშირდა მათი ვიზიტები?
დღემდე უცხოელი ინვესტორი ეძებდა ქართველ პარტნიორს და უცხოურ მენეჯმენტს. მიდგომა არ ამართლებდა ბიზნეს-კულტურაში არსებული განსხვავების გამო და ხშირად კრახს განიცდიდა. დღეს უცხოელი ბიზნესმენი საქმეს იწყებს ადგილობრივი პარტნიორის გარეშე და ქართული მენეჯმენტით, ეს ფორმა გაცილებით ეფექტურია, ამასთან, საქართველოში უკვე არის დასავლური განათლებისა და გამოცდილების მქონე თაობა, რომელიც წარმატებით ართმევს თავს აღნიშნულ ფუნქციას.
თქვენი აზრით, რა არის მთავარი პრობლემა დღეს საქართველოში ჩამოსული ინვესტორისთვის?
საქართველოს ეკონომიკა კორუფციული სისტემიდან გადადის თავისუფალ რელსებზე. პროცესი სულ ახალი დაწყებულია და გარდამავალ ეტაპზე იმყოფება. მთავარი პრობლემაა, რომ ინვესტორმა შეიძლება ვერ იპოვნოს მისამართი შესაბამის სტრუქტურებში და ვერც მასზე მორგებული პროექტი. ეს სიტუაცია დამახასიათებელია გარდამავალი პერიოდისთვის და იმედია, მალე დალაგდება. მანამდე კი, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა სწორედ ინვესტორთათვის გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს.
დავუბრუნდეთ საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობას
ჩემი ურყევი რწმენით, ჩვენ არ ვიყენებთ ერთმანეთთან წარმატებული ურთიერთობის პოტენციალის მინიმალურ ნაწილსაც კი. ორივე ქვეყანამ უნდა შეისწავლოს, ჩამოაყალიბოს, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოთხოვნები მეორე ქვეყნის მიმართ და დიპლომატიური მისიების გზით მოახდინოს ამ პოლიტიკის რელიზაცია. დადგა დრო, როდესაც საქართველომ და ისრაელმა უნდა ისწავლონ ახალი ტიპის ურთიერთობა...