საქართველოში პირველ საერთაშორისო წარმომადგენელს, ბ-ნ იციკ მოშეს, საქართველოს მომავლის სჯერა...
90-იან წლებში ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი წერდა: "თანამდებობა დატოვა თანამშრომელმა, რომელსაც მიჰყავდა მსოფლიო ებრაული სააგენტოს მოღვაწეობა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში... მთავრობა თვლის, რომ მისი წასვლა არის ყველაზე დიდი დანაკარგი ალიისა და ისრაელისთვის" - ეს პიროვნება ქართული საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, მან სწორედ საქართველოდან დაიწყო ისრაელის პირველი წარმომადგენლობების შექმნა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. გავიდა რამდენიმე წელი და იგი მოგვევლინა, როგორც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი. მის მიერ განვლილი წლები ბევრ პარადოქსს მოიცავს: დავიწყოთ იქიდან, რომ ყველაზე გაისრაელებული ქართველი ებრაელი დღეს საქართველოშია, თუმცა ისრაელში წლების მანძილზე წინააღმდეგი იყო ქართული, რუსული თუ სხვა მიმართულებით მოღვაწეობისა. მისი პირველი აქცია, რომელიც მხოლოდ 15 წლისამ მოაწყო, იყო პირველი აქცია ისრაელის მასშტაბით ქვეყნის ტერიტორიების დასაბრუნებლად იუდეასა და სამარიაში, რომელთა გამო დღესაც მიმდინარეობს დავა ისრაელ - პალესტინის კონფლიქტში. მას შემდეგ იციკ მოშე იყო სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე, მსოფლიო სტუდენტთა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობდა საგარეო ურთიერთობებს. ამ პერიოდში მისი თაოსნობით ჩატარდა 2 ისტორიული კონგრესი: 1988 წელს ებრაელი ახალგაზრდობის მსოფლიო კონგრესი, სადაც პირველად ჩამოიყვანა საბჭოთა კავშირის სტუდენტობის ლიდერები, ასევე ინიციატორი იყო ებრაელ ლიდერთა საბჭოთა კავშირში პირველი კონგრესის ჩატარებისა, რასაც მაშინდელი რეჟიმი კრძალავდა. 1989 წლიდან საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებში გახსნა 5 წარმომადგენლობა, ბოლო წლებში იმყოფებოდა მოსკოვში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. ისრაელის პრესა აფასებდა მას, როგორც "ისრაელში 500 000 ებრაელის ჩამოყვანის არქიტექტორს".
საქართველოში ისრაელის კომპანიები.
ისრაელიდან საქართველოში წარმოდგენილი კომპანიების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია, მათი საქმიანობის საგანი არის მშენებლობა, წარმოება, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, დაზღვევა, უძრავი ქონება და ა.შ. ისრაელის ბევრი კომპანია წარმატებულია და ლიდერიც არის საქმიანობის შესაბამის სფეროში.
პალატის რეკომენდაციები საქართველოში ბიზნესის განვითარებასთან დაკავშირებით.
პირველი რეკომენდაცია ქართველ პარტნიორს... "უცხოელ ინვესტორთან ის წარმოადგენს საქართველოს..." ეს მოიცავს ყველაფერს. დღევანდელ სიტუაციაში უნდა იყოს ისეთივე განწყობა, როგორიც იყო ისრაელში 50 წლის წინ ქვეყნის აშენებისთვის... სამწუხაროდ, ჩავარდნილი ერთობლივი ბიზნესის ანალიზის დროს ვხედავთ, რომ "პარტნიორის პარამეტრი" არის პირველი და ყველაზე დიდი გრაფა.
რაც შეეხება მომავალს და საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს... საერთაშორისო მასშტაბის პროექტებით ქვეყანამ უკვე შეიძინა საერთაშორისო ფუნქცია და ფაქტია, რომ იგი აღიარებულია, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელი ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ პოტენციალს სწორად მართვა და გამოყენება სჭირდება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს, ისევე როგორც ისრაელის ეკონომიკა წარმოუდგენელია ინვესტიციების გარეშე. ფაქტია, რომ აღმოსავლეთ ევროპა გაცილებით ღიაა ინვესტორთათვის და მარტო ისრაელიდან იქ 10 მილიარდი დოლარია შესული. მე ვხედავ, რომ ახალი ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება აღადგინოს წლების მანძილზე საქართველოში შექმნილი საინვესტიციო გარემოს შელახული რეპუტაცია. საქართველომ უნდა გაარკვიოს უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის რეალური მდგომარეობა და რეალური პოტენციალი, ამის შემდეგ უნდა დაისახოს კონკრეტული პროექტები... დღემდე არსებული თითქმის ყველა პროექტი არაფრის მომტანი არ იყო, განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო აბსურდული ეკონომიკური ურთიერთობები ისრაელთან, სწორედ ორმხრივი შეცდომების გამო არსებული პოტენციალის მაქსიმუმ 5%-ია გამოყენებული. თუმცა კიდევ ერთი პრინციპული პოზიცია, რომელიც მაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით, ასეთია: წინსვლა და საქმის კეთება უნდა დაიწყოს ქართველებისგან. უცხოური მხადაჭერა არის აუცილებელი, მაგრამ ეს არის მხოლოდ დროებითი სტიმული და UPGRADE-ის დასაწყისი. კითხვაზე "რა უნდა გავაკეთოთ? არსებოს ტრივიალური პასუხი... "უნდა გავაკეთოთ"... დღეს საქართველოს გარეთ არის 1 მილიონი ქართველი, რომლის დიდი ნაწილი ამბობს: "მე ვარ სხვა", "მე შევიცვალე", "მე ვიცი, რა უნდა გაკეთდეს", "თანხებს ჩავდებდი, თუ რაიმე შეიცვლებოდა"... პასუხი არის უბრალო: ჩამოვიდნენ და შეიცვლება... ცვლილებები შესაძლებელია მხოლოდ საქმით და არა ლექციებით...
რატომ "ბიზნეს" პალატა და არა "სავაჭრო პალატა", და როგორ ლობირებს პალატა ებრაელ ბიზნესმენთა საქმიანობას.
ორეროვანი ბიზნეს პალატები ახალი სიტყვაა მსოფლიო ბიზნეს-დიპლომატიაში, ეს არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლის ფორმა ბოლო წლებში აქტიურად მკვიდრდება მსოფლიო ეკონომიკურ და დიპლომატიურ ურთიერთობებში. დეფაქტო ეს არის სავაჭრო პალატა, დეიურე ეს არის ბიზნეს პალატა. დაარსების პერიოდში სიტყვას "ვაჭრობა" ნეგატიური კონოტაცია ჰქონდა საქართველოში, ამიტომ ჩავანაცვლეთ "ბიზნეს პალატით". ინვესტორებს ისრაელიდან ჩვენ ვეძახით - ისრაელელ ბიზნესმენს... ვინაიდან "ებრაელი" შეიძლება იყოს ამერიკიდანაც.... თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მხოლოდ ისრაელის ბიზნეს საზოგადოებას ვუჭერთ მხარს. საერთოდ არსებობს ასეთი არადამტკიცებული მონაცემი, რომ დ.ს.თ.-ში ინვესტორების და წარმომადგენლების სავარაუდოდ 70% არიან ებრაელები სხვადასხვა ქვეყნიდან...
ახლა დავუბრუნდეთ შეკითხვის ცენტრალურ ნაწილს, ბიზნეს პალატის ძირითადი მიზანი არის საქართველო-ისრაელის ურთიერთობების რეალური და პრაქტიკული განვითარება. დაარსების დღიდან ბიზნეს პალატას ჰქონდა კურსი, მოეზიდა საქართველოში ინვესტიციები ისრაელიდან და მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწია ჩამოსული ინვესტორებისათვის. ყველასათვის ცნობილია, რომ ისრაელიდან ჩამოსულ ბიზნესმენებს ხშირად ჰქონიათ წარუმატებლობები საქართველოში. ჩვენ ვთვლით, რომ მიზეზი უმეტეს შემთხვევაში იყო ბიზნეს-კულტურათა, ბიზნესში დამკვიდრებული ნორმების, ქვეყანაში არსებული ვითარების, საინვესტიციო გარემოს, საკანონმდებლო ბაზის არასრული ცოდნა. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, რომელიც მჭიდროდ თანამშრობლობს ისრაელის საელჩოსთან, თავის ფუნქციად თვლის სწორედ ამ საკითხებში გაუწიოს მეგზურობა ისრაელიდან ჩამოსულ ნებისმიერ ბიზნესმენს და კომპანიას. მხოლოდ ელექტრონული ფოსტით ჩვენ ვპასუხობთ ასობით შეკითხვას, ვიძლევით კონსულტაციებს, პრიორიტეტულ მიმართულებებს დაინტერესებული პირებისათვის. ათეულობით ისრაელური კომპანიისათვის მიწოდებული გვაქვს მომსასხურების მთელი პაკეტი: ვიზიტი საქართველოში, მათთვის საინტერესო სფეროში ბაზრის კვლევა, სოციოლოგიური გამოკითხვები, ყველა დონის შეხვედრების ორგანიზება და ა.შ. ჩატარებული გვაქვს 6 ბიზნეს-კონფერენცია ისრაელში და შტატებში. საქართველოში შექმნილი რთული საინვესტიციო გარემოს გამო, ჩვენი პარტნიორი კომპანიების ინტერესების დასაცავად 5 სასამართლო პროცესი დასრულდა ჩვენი გამარჯვებით. დღემდე ისრაელისა და ქართულ პრესაში ბიზნეს-პალატის ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა 36 სტატია სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე. (რათქმაუნდა, ისრაელში სიტუაციის ანალიზთან ერთად, ეს იღებს PR სტატიის სახეს...) ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიზნეს პალატა თავის ხასიათით არაკომერციული ორგანიზაციაა და ზემოთჩამოთვლილ მომსახურეობას ჩვენ უფასოდ ვეწევით.
თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან.
ჩვენი თანამშრომლობა 80-იანი წლების ბოლოდან იწყება, როდესაც მე, როგორც ისრაელის და ებრაული საერთაშორისო ორგანიზაციების პირველი წარმომადგენელი, ჩამოვედი საბჭოთა კავშირში. ებრაელი ხალხისთვის დაუვიწყარი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირში, რომელმაც კარი გაუღო ებრაულ საერთაშორისო ორგანიზაციებს: JEWISH AGENSY, JOINT-ს და სხვებს. აღსანიშნავია ასევე, რომ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ებრაული ორგანიზაციების I კონგრესს ჩატარების უფლება პირველად სწორედ საქართველოში მიეცა. საკმაოდ ეფექტური იყო თანამშრომლობა მსოფლიო ებრაელობასთან, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ბ-ნი გიორგი ხოშტარია. ვფიქრობთ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ბიზნეს პალატის თაოსნობით გაიხსნა ისრაელში საქართველოს ტურიზმის პირველი წარმომადგენლობა. ბიზნეს პალატა მონაწილეობდა ორ მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში ჩარჩო ხელშეკრულების შექმნაში, რომელიც გულისხმობს საქართველოში ტურიზმის განვითარებისათვის ისრაელის მოდელის გადმოტანას. ბიზნეს-პალატისა და ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით ისრაელის ტელევიზიამ გადაიღო ორი ფილმი საქართველოს შესახებ. ბიზნეს პალატის უშუალო მონაწილეობით მოხდა თბილისისა და თელ-ავივის მერიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის დაგეგმვა. რაც შეეეხება ურთიერთობებს დღევანდელ მთავრობასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის წარმატებული ვიზიტის დროს შედგა შეხვედრა მსოფლიო ებრაელობის ლიდერთა პრეზიდიუმთან "Conference Of Presidents". მეგობრობის 2600 წლის მანძილზე ქართულ-ებრაული ურთიერთობა გულისხმობდა ქართველ ხალხისა და ქართველი ებრაელობის კავშირს, დღეს კი პირველად შეიქმნა პრეცენდენტი, როდესაც აღნიშნული ურთიერთობა მიიღებს მსოფლიო ებრაელობასთან თანამშრომლობის სახეს. "Conference Of Presidents" წარმოადგენს მსოფლიო ებრაული ორგანიზაციების ლიდერების პრეზიდიუმს, ამასთან, ეს არის პოლიტიკურად და ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ჯგუფი ამერიკაში, რომელთა ლობირებით ხშირად სარგებლობს ისრაელის ხელისუფლება ამერიკის მთავრობასთან ურთიერთობებში. შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატა. აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობა შეიძლება რამდენიმე ჭრილში წარმოვიდგინოთ: პირველი, ეს არის საქართველოს, ისრაელსა და მსოფლიო ებრაელობას შორის სამკუთხედის შეკვრა და გაძლიერება, მეორე, ქართულ-ებრაული ურთიერთობის უნიკალური ხასიათის მსოფლიო მასშტაბით გაშუქება და მესამე, ორგანიზაციასთან "Conference Of Presidents" თანამშრომლობა, რაც თავისთავად ნიშნავს თანამშრომლობას ამერიკის უძლიერეს ფინანსურ ჯგუფთან. შეხვედრას მოჰყვა პირველი პრაქტიკული ნაბიჯი, კერძოდ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოიწვია საქართველოში "Conference Of Presidents"-ის დელეგაცია, რომელიც გაიცნობს და შეისწავლის საქართველოს და მასთან თანამშრომლობის პოტენციალს. შეხვედრას მოჰყვა დიდი გამოხმაურება და ინტერესი ებრაული ორგანიზაციების საიტებზე და პრესაში, "Conference Of Presidents"-ის ლიდერებმა, რომლებიც ძალიან ხშირად ხვდებიან სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების პირველ პირებს, გამოხატეს აღფრთოვანება საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა, ენერგიული და დასავლური ტიპის ლიდერის თაოსნობით საქართველოს აქვს განუსაზღვრელი შესაძლებლობები გადაიქცეს წარმატებულ, აყვავებულ ქვეყანად.
სავაჭრო პალატა და ქველმოქმედება.
ამ კუთხით ჩვენი "სისუსტე" არის ქართული კულტურა. 15 წლის მანძილზე ბიზნეს პალატის თუ სხვა წარმომადგენლობების (სადაც მე ვიყავი ხელმძღვანელი) თაოსნობით და მხარდაჭერით გამოიცა 10 კომპაქტ დისკი, მოეწყო ქართველ ხელოვანთა პრომოუშენი ისრაელში, საფრანგეთში, ამერიკაში. უამრავი კონცერტი და აქცია, რომელიც ხელს უწყობს ქართული და ებრაული კულტურის პოპულარიზაციას ორ ქვეყანაში. ეს ეხება როგორც ესტრადას, ასევე კლასიკურ მუსიკას, ფერწერას, ქანდაკებას, კინოს. ბოლო საქველმოქმედო პროექტს უახლოეს პერიოდში დავასრულებთ, ეს არის კომპაქტ დისკი, კრებული, რომელშიც შესულია ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული ებრაული სიმღერები. დისკის გამოცემა მივუძღვენით ისრაელის, ებრაული კომპანიებისა და მსოფლიო ებრაელობის წარმომადგენლობების საქართველოში შემოსვლის 15 წლისთავს. ალბომის სახელწოდებაა "FROM GEORGIA WITH LOVE". ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ბევრი ქართველი ხელოვანისათვის ბიზნეს პალატის მხარდაჭერა და ისრაელისკენ გზის გახსნა იქცა ერთგვარ ტრამპლინად შემოქმედებითი წინსვლისათვის.
რა სპეციფიურ პროექტებს ახორციელებს ბიზნეს პალატა?
ბიზნეს პალატა არ ახორციელებს, იგი აკავშირებს და ხელს უწყობს მხარეებს, რომელთაც უნდა განახორციელონ ესა თუ ის პროექტი. იმედი გვაქვს, ამ კუთხით ჩვენი მუშაობა ახალ ძალას შეიძენს, რადგან 2 წლის მანძილზე არ ყოფილა იმდენი მომართვა ჩვენს სახელზე, რამდენიც უკანასკნელ პერიოდში. ანუ ინტერესი საქართველოსადმი გაძლიერდა. რაც შეეხება სპეციფიურ პროექტებს, ალბათ, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ჩვენი მთავრობასთან თანამშრომლობის გეგმა და პალატის მუშაობის სფეროების გაფართოება, რაც ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება.
არსებობს თუ არა სავაჭრო პალატის პროექტი მედიის განვითარებაზე?
ბიზნეს პალატის მოღვაწეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მედიის გარეშე ჩვენი საქმიანობის წარმატება შეუძლებელია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც საქართველოში აუცილებელია ჩატარდეს კამპანია საზოგადოებაში ინვესტორთა მიმართ კეთილგანწყობის შესაქმნელად. მსგავსი პროცესი მიმდინარეობდა ისრაელშიც 20 წლის წინათ და ამიტომ ეს პრობლემატიკა ჩემთვის ნაცნობია. ამ კუთხით ჩვენ ვთანამშრომლობთ მედია საშუალებებთან, რომლებიც კომპლექსურად და ყოველმხრივად ახდენენ რომელიმე კონკრეტული პროექტის გაშუქებას, PR-ს, მარკეტინგს. გეგმაშია PR-კამპანია - "არ არსებობს ინვესტიცია ინვესტორების გარეშე"... ამ PR-მა უნდა მისცეს საქართველოში სიტყვას ინვესტიცია დადებითი ჟღერადობა, ხოლო "ინვესტორი" უნდა აღიქმებოდეს "მეგობრად".
თქვენი გამოცდილებიდან და ანალიზის უნარიდან გამომდინარე, როგორც უცხოელმა, რომელმაც უცხოელებს შორის გამორჩეულად კარგად იცის საქართველო, როგორ დაახასიათებდით ქართველებს?
ამაყი, როგორც ირლანდიელი, ჩაცმული, როგორც იტალელი, ზარმაცი, როგორც ფრანგი, განათლებული, როგორც ებრაელი, მანიპულატორი, როგორც ისრაელელი, ქვეყნის ეკონომიკა, როგორც აფრიკის და ცხოვრების მანერები, როგორც მდიდარი შეიხის..."
რა არის საჭირო იმისათვის, რომ გაძლიერდეს ურთიერთობა საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებს შორის?
ძალიან ცოტა... 2 კარგი ელჩი. ჩემი გამოცდილება, როგორც წარმომადგენელისა სხვა და სხვა ჩარჩოში, მაძლევს ამის თქმის უფლებას. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია ვერ იტანს "ინიციატივას", მსოფლიო დიპლომატიაში ბევრი კარგი და დიდებული ნაბიჯი გადაიდგა წარმომადგენლის არაკანონიერი ინიციატივის გამო. უცხო ქვეყნების ელჩები საქართველოში და საქართველოს ელჩები ქვეყნის გარეთ ასეთები უნდა იყვნენ. კიდევ ერთი მომენტი, რაც სხვა ქვეყნებში ნაკლებად მნიშვნელოვანია. საქართველო ვერ იტანს "საშუალო" წარმომადგენლებს ინტელექტუალური ასპექტით. საბოლოოდ: 2 კარგი ელჩი, ორივე მხარეს, ნიშნავს კარგი ურთიერთობების გარანტიას.
ვინაიდან პასუხებში გადაჭარბებული რჩევები მაქვს, როგორც "ყველაზე პირველი და ბებერი წარმომადგენელი" ვიტყოდი რომ, ამ სოციოეკონომიკური ეტაპიდან გამომდინარე, სხვა აუცილებელ პარამეტრებთან ერთად, საქართველოს ელჩი შეიძლება იყოს ის, ვინც იზიდავს საქართველოში 3 დიდ ინვესტორს, და საპატიო კონსული, ვინც იზიდავს 2 დიდ ინვესტორს. ეს რაც შეეხებოდა ეკონომიკურ ურთიერთობებს... გლობალურად კი მე არ მჯერა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე საუბარი ღრმა მეცნიერული კვლევებისა და ანალიზის გარეშე. ამაში განსაკუთრებით დავრწმუნდი მას შემდეგ, რაც მქონდა პატივი მეთანამშრომლა დიდ ქართველ ფსიქოლოგთან, აკადემიკოს შოთა ნადირაშვილთან. ქართულ - ებრაული ურთიერთობაც კი, რომელიც სანიმუშოა და მეგობრობის უზარმაზარი ისტორია აქვს, დღეისათვის ერთ ადგილს ტკეპნის და არ გადადის საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში. სწორედ ამ პრობლემის შესასწავლად, ბატონი შოთა ნადირაშვილის ხელმძღვანელობით, წელს ვატარებთ მეცნიერულ კვლევებს როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში, დ. უზნაძის განწყობის თეორიაზე დაყრდნობით.