ინტერვიუ ბ-ნ იციკ მოშესთან, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტთან
ინტერვიუ ჩაწერილია რევოლუციამდე
რამ განაპირობა ბიზნეს-პალატის შექმნა?
საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა ეს არის ახალი სიტყვა ბიზნეს-დიპლომატიაში. ბიზნეს პალატა სხვადასხვა სფეროში აკავშირებს ორგანიზაციებს საქართველოსა და ისრაელიდან. ეს არის არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის ფორმა ბოლო წლებში აქტიურად მკვიდრდება მსოფლიო დიპლომატიაში. არსებობს მრავალწლიანი გამოცდილება იმისა, რომ ყოფილ დიპლომატებს და წარმომადგენლებს შეუძლიათ გაცილებით ეფექტურად მართონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ვიდრე საელჩოს ვაჭრობის ატაშეს. ბიზნეს-პალატის ბუკლეტიდან ჩანს, რამდენად ეფექტური იყო ბოლო 10 წელი კულტურის სფეროში ურთიერთობებისთვის. ეს კი მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია პალატის საქმიანობისა. ამის პარალელურად არის უამრავი სფერო: საზოგადოებრივი კავშირები, ტურიზმი, ეკონომიკური ურთიერთობები, რომელთაგან ბევრი სამთავრობო დონეზეა აყვანილი.
თქვენ იყავით ავტორი ბევრი ხმამაღალი განცხადებისა ანტიმესიტიზმის შესახებ...
მე სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს და ვთვლი რომ შეუძლებელია საქმიანობდე ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა ან ისრაელია და არ გიყვარდეს იგი. ამ გრძნობის გარეშე შეიძლება მოღვაწეობდე დიდ ქვეყნებში: რუსეთში, ან ამერიკაში. სწორედ ეს სიყვარული ისრაელის და საქართველოს მიმართ მავალდებულებს, რომ პატარა ხინჯიც, რომელსაც დავინახავ, აუცილებლად აღვნიშნო, შეიძლება გავაზვიადო და გავამუქო, ოღონდ არ გავაუარესო დუმილით. საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა უკანასკნელი წლების მანძილზე და იყო შემთხვევები, როდესაც გვიპირისპირდებოდნენ ანტისემიტური, ზოგადად ანტიუცხოელი და ანტიინვესტორული პოზიციებით. მე არ მინდა ამ სიტუაციების ახსნა და ანალიზი დავიწყო. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ ამგვარ შემთხვევას დავუპირისპირდები მკვეთრი განცხადებით, რისთვისაც 2 მიზეზი მაქვს: პირველი, ის რომ არავის არ აქვს უფლება შელახოს და ლაქა დაამჩნიოს იმ ფონს, რომელსაც ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა ჰქვია და მეორე, ადგილობრივი ებრაელებისაგან განსხვავებით, მე ამის ძალას მაძლევს და მავალდებულებს ისრაელის მოქალაქის ლურჯი პასპორტი, როგორც დასტური იმისა, რომ დღეს უკვე ძლიერი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ.
უცხოელ ინვესტორებს რა უშლით ხელს საქართველოში ინვესტიციების ფართომასშტაბიანი შემოტანისათვის?
ნომერ პირველი შემაფერხებელი პრობლემა ეს არის ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინალური ვითარება. კრიმინალურად არასტაბილური გარემო წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს ნებისმიერი ინვესტორისათვის. ამასთან შედარებით კორუფციას, კონტრაბანდას და სხვა პრობლემურ მხარეებს მათთვის მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
ბევრი უცხოელი ბიზნესმენის წამოწყებამ საქართველოში არ გაამართლა, რატომ?
ისრაელიდან ჩამოსული ბიზნესმენების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი ხდება ახალ და უცნობ ქვეყანაში მოუმზადებლად ჩამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ისრაელის საელჩო და საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატა მზად არიან უფასოდ გაუწიონ მომსახურება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, და მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია. ერთ-ერთი მნიშველოვანი მიზეზია ბიზნეს-კულტურათა და ბიზნესში დამკვიდრებულ ნორმათა შორის სხვაობა. მიუხედავად მრავალი მიზეზისა, მე მაინც ვთვლი, რომ საქართველოს, ისევე, როგორც ისრაელის ეკონომიკა და მომავალი წარმოუდგენელია ინვესტიციების გარეშე. მთავარი პრობლემა გადაწყდება მაშინ, როდესაც ქვეყანა და ხელისუფლება დარწმუნდებიან, რომ სჭირდებათ უცხოური ინვესტიციები და მზად არიან მათ მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ მე ვანსხვავებ ქართველ და არაქართველ ებრაელებს, წლების მანძილზე ისრაელიან ჩამოსულ ინვესტორებს შორის ძალზე მცირე ნაწილს წარმოადგენენ ქართველი ებრაელები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მნიშვნელობა არა აქვს კონკრეტულ შემთხვევაში რომელი მხარეა დამნაშავე, ფაქტია, რომ აღმოსავლეთ ევროპა გაცილებით ღიაა ინვესტორთათვის, ვიდრე საქართველო. მისი მიზეზის ძიება ქართული მხარის პრობლემაა და ამ კითხვას სწორედ მან უნდა გასცეს პასუხი.
ადვილი შესამჩნევია, რომ ისრაელის საელჩოსა და თქვენს შორის ურთიერთობებში საგრძნობლად "დათბა"...
ისრაელის საელჩოს და საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატას არასოდეს უთანამშრომლიათ ისე მჭიდროდ და წარმატებულად, როგორც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში. თუმცა, მე არ მინდა, ეს წარმატებული ურთიერთობა ჩემს თავს მივაწერო. ეს მთლიანად ქალბატონი ელჩის, მისი პიროვნული ძალის დამსახურებაა. თავიდან სოხნუთის ვალდებულებებში შედიოდა ორ ქვეყანას შორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები, მე ვერ შევცვლიდი ამ ფაქტს, თუმცა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩვენს საქმიანობას არ დაეჩრდილა საელჩოს ფუნქციები. ამჯერად საერთო ძალებით ვგეგმავთ ისრაელის დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვას, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მომღერლის პოპულარიზაციას, საქველმოქმედო აქციის ჩატარებას ინვალიდ ბავშვთა დასახმარებლად.
წარსულიდან გამომდინარე, თქვენი, როგორც მოღვაწის იმიჯის, რამდენად შეესაბამება ბიზნეს-პალატის პრეზიდენტის თანამდებობა?
მე, მართლაც, ვთვლი საკუთარ თავს საზოგადო მოღვაწედ, ეს არის საწყისი, რომლიდანაც გადახვევა, მართლაც ძნელია. ბიზნეს-პალატის ფუნქციებში მე ვხედავ იმ მისიის გაგრძელებას, რომელიც ამოვწურე მსოფლიო ებრაული სააგენტოს ინფრასტრუქტურის შექმნით ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ბიზნეს-პალატა არაკომერციული ორგანოზაციაა, მთელს მსოფლიოში ორენოვანი სავაჭრო პალატები ჰქვიათ, თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში და პირადად ჩემთვისაც სიტყვა "ვაჭრობას" რამდენიმე წლის წინ ცუდი კონოტაცია ჰქონდა ვარჩიეთ ჩვენი ორგანიზაციისთვის გვეწოდებინა ბიზნეს პალატა. თუ შევხედავთ ფართო გაგებით "ბიზნესს" , და ვინც იცნობს წლების მანძილზე პალატის საქმიანობას, ხედავს, რომ მასში საზოგადოებრივი ასპექტი და საქმე სჭარბობს.
ჩვენ გვახსოვს აქვაპარკის ირგვლივ წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა თქვენი საკმაოდ არასასიამოვნო რეპლიკა "რა შუაშია 26 საუკუნე"...
პირველ რიგში, მე არ ვთვლი თავს პასუხისმგებლად იმ ჟურნალისტის ქმედებაზე, რომელიც ერთს ისმენს, მეორეს იგებს, მესამეს წერს და დავალება კი სულ სხვა აქვს... რაც შეეხება თავად საკითხს, ვთვლი რომ ქართველი და ებრაელი ხალხის ურთიერთობა საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა სახალხო დიპლომატიის ფორმას და მიმაჩნია, რომ იგი, მართლაც, იყო სრულყოფილი და რეალურ მეგობრულ ურთიერთობებზე დაფუძნებული. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან ვაფასებ წარსულს და მის მნიშვნელობას, რითი ავხსნათ რომ საქართველოს დამოულიდებლობის მიღების შემდეგ, უკვე 12 წელია, დიპლომატიური, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან ერთი და იგივე ადგილს ტკეპნის და ფაქტიურად არ ვითარდება. სიმართლე ძალიან ხშირად არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ წინააღმდეგი ვარ საქართველოსა და ისრაელის ურთოერთობაში დამყარდეს "პოლიტიკანურ-საზოგადოებრივი სინდრომი" იმ ადამიანებისაგან, რომლებიც წელიწადში მაქსიმუმ ერთხელ ჩამოდიან საქართველოში, მიდიან ისრაელში და დაზეპირებული გამონათქვამებით უნდათ, რომ მიიღონ საქართველოსა და ისრაელის დამოკიდებულებებში სითბო და კეთილგანწყობა. მათგან განსხვავებით, მე წელიწადის უმეტესი დრო ვმუშაობ საქართველოში და უშუალო კონტაქტი მაქვს ისრაელიდან ჩამოსულ ინვესტორებთან, რომელთაგან დიდი უმეტესობა არაქართველი ებრაელია და მათი საქმიანობა ხშირად კრახით სრულდება. ასეთი ფაქტების რაოდენობა იზრდება. მე ჩემს თავზე არ ვიღებ სასამართლოს ფუნქციას, თუმცა, ყოველთვის მაქვს პოზიცია - მხარი დავუჭირო ისრაელის მხარეს. ნებისმიერი ქართველი, რომელიც შორს იყურება, მიხვდება, რომ ეს მომავალში საქართველოს ეკონომიკის ზრდის მხარდაჭრაცაა.
იბადება კითხვა: მაშინ რა განსხვავება შეიძლება იყოს ისრაელის დამოკიდებულებაში იმ ქვეყნებთან, რომელთაც აქვთ ანტისემიტური წარსული და კონკრეტულად საქართველოსთან, რომელთანაც მრავალი საუკუნის მანძილზე ანტისემიტიზმს არ ჰქონია ადგილი?
პირველ რიგში, ჩემთვის არ არსებობს აბსოლუტური არა და აბსოლუტური კი. მიუხედავად ამისა, მე გონია, რომ ქართულ-ებრაული ურთიერთობა არის ანთებული კელაპტარი მსოფლიოში ებრაელთა ტანჯულ და მუქ ისტორიაში. უნდა განვმარტოთ, რომ ის კრიტიკა, რომელიც წინა პასუხში ჟღერდა, შეეხება ისტორიისთვის დროის უმცირეს მონაკვეთს, იმ 12 წელს, როდესაც მე ვთვლი, რომ ღირსეულად არ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობის ტრადიციები. რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებს, ებრაელი ხალხის ერთ-ერთი თვალსაჩინო ლიდერი, ზეევ ჟაბოტინსკი ამბობდა, რომ ანტისემიტიზმის დონე განსაზღვრავს საზოგადოების ავადმყოფობის დონეს. თუ გავიხსენბთ უახლოეს წარსულს, ვნახავთ, რომ საბჭოთა ანტისემიტიზმი შენელდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვინაიან ახლადგამომცხვარ სახელმწიფოებში მეფობდა ყველაფერი, რაც იყო ანტისაბჭოური. ამასთან ერთად, ადგილობრივი ებრაელები და ისრაელი, როგორც ძლიერი კაპიტალისტური ქვეყანა, გახდა ეკონომიკური მიღწევების იმედი. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მარტო ეს ნიშა არ აღმოჩნდა საკმარისი და დამეთანხმება ყველა სოვეტოლოგი, რომ ამ ქვეყნებში საზოგადოების გამოსავალიც არ ჩანს. ეს მაფიქრებინებს, რომ მოასლოდნელია უფრო ძლიერი ანტისემიტური ტალღის აგორება. ამ ფონზე მე მინდა, საქართველოსთან ურთიერთობის ჩემეული ანალიზი განხილული იყოს დროის ჭრილში. ვინაიდან 26 საუკუნოვანი მეგობრობა ეს არის უდიდესი დადებითი ფონი მომავალი ურთიერთობებისათვის.
თქვენი პროგნოზები საკმაოდ საშიშია, ხომ არ ფიქრობთ, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომ საქართველოს, მართლაც, ემუქრება სამოქალაქო ომის საფრთხე, რაზედაც ხშირად ისმის საუბრები?
ვერ დაგეთანხმებით, სამოქალაქო ომის საფრთხე არსებობს მაშინ, როდესაც საზოგადოება გაყოფილია ორ ნაწილად. საქართველოში, რა თქმა უნდა, უამრავი პრობლემაა, მაგრამ დაპირისპირება ძირითადად პოლიტიკურ ძალებშია. თუ არის საზოგადოების გაყოფა, არის მხოლოდ ხელისუფლებად და ხალხად. ხალხი კი ფაქტობრივად ჰომოგენურია, ერთიდაიმვე პრობლემით დატვირთული. ეს კი არ ქმნის სამოქალაქო ომის წინაპირობას.
რა გაძლევთ იმ იმედის საფუძველს, რომ საქართველოში კარგი სიტუაცია იქნება?
ჩემი შეხედულებები ობიექტურია, რადგან უცხოელის თვალით ვუყურებ რეალობას და ვთვლი, რომ საქართველოში უამრავი მიზეზია რის გამოც იგი პერსპექტიულ ქვეყნად უნდა ჩავთვალოთ. პირველ რიგში, არ ვეთანხმები აზრს ქართველი ხალხის სიზარმაცის შესახებ, ეს კარგად დადასტურდა უკანასკნელ წლებში, როდესაც უდიდესი ინტელექტუალური პოტენციალი მქონე ათასობით ქართველი უცხოეთის ქვეყნებში არ თაკილობს არანაირ საქმიანობას. ამასთან ერთად ქართველი ხალხის შინაგანი მისწრაფება კეთილდღეობისაკენ, სურვილი, რომ მათი ცხოვრების დონე წამყვანი ქვეყნებისას შეესაბამებოდეს აუცილებლად მოგვცემს შედეგს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ თვისებას აქვს უარყოფითი ასპექტიც. კერძოდ, დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ბადებს კორუფციას და სხვა მანკიერ პროცესებს, სამომავლოდ კი, ამ რთული ეტაპის დაძლევას დასჭირდება, რომ ხელისუფლების მხრიდან ქვეყანაზე ზრუნვა "მოდაში შემოვიდეს", საზოგადოების მენტალიტეტი შეიცვალოს და კეთილდღეობის მიღწევის ერთადერთი გზა იყოს დიდი შრომა, მე მჯერა, რომ ამ პროცესში ქართველი ხალხის სურვილი ცხოვრების მაღალი დონის შექმნისა, სტიმულის ფუნქციას შეასრულებს. როგორც ჩანს, ამ შედეგს მხოლოდ თაობათა ცვლა მოიტანს. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებს, მსოფლიო მასშტაბის პროექტებით მან უკვე შეიძინა საერთაშორისო ფუნქცია და ფაქტია, რომ ქვეყანა აღიარებულია, როგორც ევროპისა და აზიის შემაერთებელი საკვანძო სახელმწიფო. ბაქო-სუფსის მილსადენის ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირება, ბაქო-ჯეიჰანის ძირითადი ნავთობის საექსპორტო მილსადენის მშენებლობა, ახალი დიდი აბრეშუმის გზის იდეის რეალიზაცია, რისთვისაც მოქმედებს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის "ტრასეკა"-ს განვითარების სახელმწიფოთაშორისო პროგრამა იმ გლობალური პროექტების ჩამონათვალია, რომლებშიც უკვე ჩართულია საქართველო. სწორედ ამ ფაქტების გამო მე ღრმად მჯერა საქართველოს ეკონომიკის და ისრაელ-საქართველოს ეკონომიკური კავშირების პერსპექტიულობის. ეს რწმენა მაძლევს საფუძველს ისრაელის საქმიანი წრეები დავარწმუნო დაინტერესდნენ საქართველოთი.
ვინ იქონია გავლენა თქვენი, როგორც საზოგადო მოღვაწის, აზროვნების ჩაოყალიბებაზე?
პირვლი, ეს გახლავთ პროფესორი იეშაია ლეიბოვიჩი - წამყვანი ფილოსოფოსი და ფსიქოლოგი, როგორც ისრაელში, ისე მთელს მსოფლიოში, რომლის ლექციების მოსმენა ჩემთვის იყო შოკური თერაპიის იდენტური. მეორე - ეს არის ქართველი და ებრაელი ინტელიგენციისთვის ძალზე ცობილი ადამიანი, დოქტორი დავით შიმშილაშვილი. რომელმაც დიდი როლი შეასრულა ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ფილოსოფიის ჩამოყალიბებაში. სწორედ მათი დამსახურებით ალბათ, ვერასოდეს გავხდები მხოლოდ ბიზნესმენი და ბიზნესშიც მოვძებნი საზოგადოებრივ საწყისებს.
ბატონო იციკ, თქვენის ნებართვით, დავუბრუნდეთ კულტურასა და სოციალურ საკითხებს. საზოგადოება გაეცნო თქვენს ბუკლეტს, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის კულტურის სფეროში მოღვაწეობის 10 წელს ასახავს. რატომ არის ბიზნეს პალატის ბუკლეტში ქალების აშკარა სიჭარბე?
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ აქ ნახავთ ბევრ ნიჭიერ მამაკაცსაც. მეორე, ბუკლეტი ასახავს ბიზნეს პალატის როლს ახალგაზრდა ტალანტებისათვის ხელშეწყობაში. როგორც ჩანს, მათში ქალები სჭარბობენ. ეს რეალობაა და არა ჩვენი დამსახურება.
კიდევ ერთი "არაოფიციალური" შეკითხვა - რატომ ხდება, რომ უცხოელ დიპლომატებს თუ საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხშირად ცოლად მოჰყავთ ქართველი ქალები?
მიუხედავად ქალის, როგორც ფენომენის, ამოუწურავი მრავალმხრივობისა, სამყაროში, სადაც აშკარაა მამაკაცის დიქტატი, ქალის შეფასებისათის 3 ძირითადი კრიტერიუმი არსებობს: სილამაზე, ინტელექტი და მამაკაცისადმი მორჩილება. მსოფლიოში შეგვიძლია განვასხვავოთ ქალის ორი ტიპი: ევროპული, რომელიც შეიძლება იყოს ლამაზი, ძალიან განათლებული და ინტელექტუალური, მაგრამ აბსოლუტურად დამოუკიდებელი მამაკაცისაგან და მეორე: აზიური ტიპის ქალი, რომელიც არის ლამაზი, აქვს მამაკაცისადმი მორჩილების მაღალი ხარისხი, მაგრამ უფრო ნაკლებად ინტელექტი. ამ კლასიფიკაციაში ქართველ ქალს უჭირავს სრულიად განსაკუთრებული ადგილი, რადგან მასში არის შერწყმული სამივე თვისება, იგი ლამაზია, ინტელექტუალური და ზომიერად დამჯერი. მე ვთვლი, რომ ძირითადად სწორედ ამ ჰარმონიას ვერ უძლებენ უცხოელი მამაკაცები.
დავუბრუნდეთ ბუკლეტს და მის გმირებს...
ბუკლეტში ასახული ინფორმაცია ფაქტიურად არის ჰობი, რომელსაც 10 წლის მანძილზე, ძირითადი საქმიანობის პარალელურად აწარმოებს ბიზნეს-პალატა. მიუხედავად ამისა, ამ ხნის მანძილზე, მართლაც მნიშვნელოვანი წარმატებები იყო, ვფიქრობ საკმარისია კარნეგი ჰოლის, ოლიმპიის, სონი მუზიკის, ჟან ჟრედაკის, მიშელ ლეგრანის დასახელება, რომ დავრწმუნდეთ, ამ მუშაობის წარმატებაში. ამჯერად, ვმუშაობთ ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მომღერლის დისკის გამოშვებაზე, რომელშიც შესრულდება სიმღერა "ელი-ელი" ებრაულ ენაზე.