Prominant People On IGCOB


Today I repeat my call for Georgia's diplomats, together with their Israeli counterparts, to extend

Read More... 

 

Projects

Read More...  

Gallery

Read More...  

Links

Press & Information

 

"საქართველოში დაიბადა ახალი პრეზიდენტი"
- წერდა 2001 წელს ბატონი იციკ მოშე ისრაელის პრესაში...


ისრაელის ტელევიზია


რევოლუციის საღამოს ისრაელის სახელმწიფო ტელევიზიით გადაცემული ინტერვიუს ფრაგმენტები და ქართული პრესის კომენტარი შესავალში.
უკანასკნელ წლებში საქართველოს წარდგენა მსოფლიოს წინაშე მნიშვნელოვანწილად ხდება იმ დიპლომატებისა და უცხოელი წარმომადგენლების მიერ, რომლებიც მოღვაწეობენ ჩვენს ქვეყანაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ბატონი იციკ მოშე. 15 წლის წინათ, მაშინ როდესაც ქვეყანაში არ იყო გახსნილი არც ერთი უცხო ქვეყნის საელჩო, იგი პირველი უცხოელი წარმომდგენელი იყო საქართველოში და ასრულებდა ისრაელის და მსოფლიო ებრაელობის დიპლომატიურ, კულტურულ და აბსორბციის (ალიის) ფუნქციებს ერთდროულად. მუშაობდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონში, ბოლო წლებში იყო დსთ-ში მსოფლიო ებრაული წარმომადგენლობების დირექტორი. როდესაც მან დატოვა თანამდებობა, ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი წერდა: "ხელისუფლება თვლის, რომ მისი წასვლა თანამდებობიდან არის ყველაზე დიდი დანაკარგი ალიისა და ისრაელისთვის"... ბატონი იციკი კარგად ერკვევა საზოგადოებრივ მოვლენებში თავისი მოღვაწეობისა და პირადი გამოცდილების გამო, აღსანიშნავია, რომ წარსულში იგი თავად ედგა სათავეში რამდენიმე მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქციას ისრაელში. აღსანიშნავია აგრეთვე ერთი ფაქტი, ჯერ კიდევ ორნახევარი წლის წინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა, იციკ მოშემ ისრაელის პრესაში გააკეთა განცხადება, რომ "საქართველოში დაიბადა მომავალი პრეზიდენტი". ასეთივე განაცხადი გააკეთა მან მაშინ, როდესაც საქართველოში ისრაელის ელჩად დაინიშნა ქ-ნი რივკა ქოჰენი ელჩისთვის მიწოდებულ ტრადიციულ ინფორმაციაში. იმ დროისათვის ეს განაცხადი იყო სენსაციური და დაუჯერებელი. სწორედ ამიტომ, საქართველოში ცნობილი მოვლენების დასრულებისთანავე ისრაელის I არხი დაუკავშირდა სწორედ ბატონ იციკ მოშეს და დაინტერესდა საქართველოში მიმდინარე პროცესების მისეული შეფასებით. გთავაზობთ აღნიშნულ ინტერვიუს, რომელიც გადაიცა ისრაელის სახელმწიფო ტელევიზიით.

წამყვანი:
საქართველოსთვის დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, დღეს დაიბადა ახალი საქართველო - ასე აცხადებს ახალგაზრდა ლიდერი, რომელმაც დაამარცხა გამოცდილი პოლიტიკოსი. მიხეილ სააკაშვილი პროფესიით იურისტია, მიღებული აქვს დასავლური განათლება. მისი პროგრამა გულისხმობს საქართველოში კორუფციის დამარცხებასა და ეკონომიკის გამოჯანმრთელებას. ამ საღამოს თბილისში დიდი ზეიმია, მივესალმებით ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, იციკ მოშეს. დღევანდელ მოვლენებს ისრაელი მთელს მსოფლიოსთან ერთად ადევნებს თვალს. ჩნდება კითხვა - ამ პროცესებით მთელი ქართველი ერის ნება გამოიხატა თუ მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკოსთა მხარდამჭერმა ჯგუფებმა შეცვალეს ხელისუფლება საქართველოში?

მინდა აღვნიშნო, რომ ამ წუთებში თბილისის ქუჩებში 100 000 ადამიანზე მეტი ზეიმობს გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ეს ხალხი და უამრავი მათი მხარდამჭერი ადამიანი, რომელიც ფიზიკურად არ არის გამოსული ქუჩაში იმსახურებს იმას, რომ მათზე ვთქვათ რამოდენიმე კარგი სიტყვა. ის, რაც მოხდა საქართველოში ბოლო 48 საათის მანძილზე, არის დემოკრატიის სკოლა, სიტყვისა და პრესის თავისუფლების გამარჯვება. როგორც მიხეილ სააკაშვილი უწოდებს, ეს იყო ხავერდოვანი, ვარდების რევოლუცია, მე მჯერა, რომ ეს არის ახალგაზრდული რევოლუცია, ქართველმა ხალხმა, მისმა ელიტარულმა ნაწილმა და სტუდენტობამ თავიანთ ლიდერებთან ერთად შესძლეს დაუჯერებელის მიღწევა: უსისხლოდ, პირდაპირ ეთერში მოეხდინათ რევოლუცია ქვეყანაში.

მომიტინგეთა აქციაზე ჩანს ისრაელის დროშა, რას იტყოდით ამის შესახებ?
მინდა აღვნიშნო, რომ იქ იყო ისრაელის, ამერიკის და სხვა ქვეყნების დროშები, მაგრამ ისრაელისა და ამერიკის მიმართ საქართველოში განსაკუთრებული სითბოა. ამასთან, ნაციონალური მოძრაობაში არის ადამიანი, რომელსაც ისრაელში ბევრი მხარდამჭერი და მეგობარი ჰყავს.

რა მოხდა და რაში ხედავს ქართველი ხალხი იმედს?
ამ კითხვის პასუხად მინდა მოკლე შესავალი გავაკეთო. ქართველმა ხალხმა აპატია პრეზიდენტს უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები, წლების მანძილზე არავინ გამოსულა ქუჩაში უშუქობის, უხელფასობის, უპენსიობის გამო. მაგრამ მათ არ აპატიეს ხელისუფლებას არჩევნების მასობრივი გაყალბება ანუ საკუთარი ღირსების, ელემენტალური დემოკრატიული უფლების წართმევა. ხალხს სჯერა, რომ ქვეყანა უნდა განთავისუფლდეს კორუფციისგან, რომ ახალი, ხალხის მიერ არჩეული მთავრობა შეძლებს ქვეყნისთვის ზრუნვას და მის გადაყვანას ახალ, ღირსეულ რელსებზე.

მაგრამ, ბატონო იციკ მოშე, ქართველი ხალხი ათეულობით წლის მანძილზე ცხოვრობდა დიქტატურის ქვეშ, ითმენდა არჩევნების გაყალბებას, რატომ გახდა სწორედ ამ არჩევნების შედეგები მიუღებელი ქართველი საზოგადოებისათვის?
მინდა შეგახსენოთ უახლოესი ისტორია. საქართველო იყო პირველი ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, რომელიც წინ აღუდგა საბჭოთა რეჟიმს და 15 წლის წინათ დიდი როლი შეასრულა საბჭოთა იმპერიის ნგრევაში. დღეს ქართველი ხალხი არის პირველი, ვინც ყოფილი და წამყვანი საბჭოთა იმპერატორი-ლიდერი გადააყენა. დღეისათვის ეს არის განათლებული და დემოკრატიული მოთხოვნების მქონე ერი, მომწიფებული საზოგადოება, რომელიც თვლის თავს ევროპის ინტეგრალურ ნაწილად. სწორედ ამ მიზეზების გამო მან გამოხატა ლეგიტიმური პროტესტი არჩევნების გაყალბების პასუხად. რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძეს, ალბათ, პარადოქსია, რომ იგი იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც სიტყვის თავისუფლება და დემოკრატიული ნორმები დაამკვიდრა საქართველოში, მსოფლიო ებრაელობისთვის კი იგი იყო და დარჩება ერთ-ერთ მეგობრად, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირიდან ებრაელების ისრაელში დაბრუნებაში.

რა მოხდება ახლა, აყვავდება თუ არა საქართველო?
რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება ხვალვე, მაგრამ ეს დაიწყება ხვალ. ამაში მარწმუნებს ის, რომ ქართველი ხალხი არის დასავლური ორიენტაციის და სჯერათ, რომ სწორი მეთოდებით შეძლებენ მიაღწიონ საქართველოს წინსვლას. ქართველმა ხალხმა გააცნობიერა, რომ კორუფცია არის დამღუპველი ქვეყნისათვის. კარგი მაგალითია ის ფაქტი, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც მიხეილ სააკაშვილი არჩეულია საკრებულოს თავმჯდომარედ, ბევრი ინვესტორი აღნიშნავს, რომ კორუფცია, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ნორმა, გადაიქცა უცხო სხეულად და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელ გარემოებად.

ვხედავ, რომ სააკაშვილს მაღალ შეფასებას აძლევ, მაგრამ შეძლებს თუ არა იგი ასეთ ახალგაზრდა ასაკში ქვეყნის მართვას და რამ მოგცათ ორნახევარი წლის წინ საფუძველი მიგეჩნიათ იგი მომავალ პრეზიდენტად?
ემანუელ, დიდი ბოდიში, ძლივს მესმის, რადგან ჩემი ფანჯრებიდან ისმის ზეიმის ხმა... გეთანხმები, რომ იგი ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ასაკოვანი და გამოცდილი მეთაური ქვეყანას უკვე ჰყავდა... აქ წლოვანებაში არ არის საქმე, მთავარია სურვილი და პოტენციალი, განსაკუთრებით სურვილი რომელიც მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად აქვს. მოვიყვან კიდევ ერთ მაგალითს: იუსტიციის მინისტრად ყოფნის დროს სააკაშვილმა ჩაატარა რეფორმები და მიიღო კანონები, რომლებიც ყველაზე პროგრესულია ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. არ მინდა, რომ როგორც თითქმის ყველა საერთაშორისო ექსპერტს, შეგვეშალოს პროპორციები. ამ ეტაპზე საქართველო არ უნდა შევადაროთ შვეიცარიას, მაგრამ კანონმდებლობა, რომელიც მთლიანად სააკაშვილის დამსახურებაა, ნამდვილად საუკეთესოა დსთ-ში.
იმისათვის რომ ისრაელელი მაყურებლისათვის უფრო გასაგები იყოს, მოვიყვან ასეთ შედარებას: სააკაშვილი არის მიქსი ბენი ბეგინისა და ნეთანიაჰუსი. ქარიზმატული, როგორც ნეთანიაჰუ და განათლებული, როგორც ბეგინი.
მისი ბრძოლა ხელისუფლებასთან არ დაწყებულა მხოლოდ არჩევნების წინ, რამდენიმე თვის წინ იგი გამოვიდა მთავრობის სხდომაზე და გაბედა ეთქვა ის, რისი გაფიქრებაც კი სხვებს ეშინოდათ. მინდა გავიხსენო ის ტექსტი, რომლითაც მან შევარდნაძეს მიმართა:
"წლების მანძილზე მე და ჩემს მეგობრებს გულწრფელად გვჯეროდა, რომ თქვენ, პრეზიდენტო შევარდნაძე, როგორც მსოფლიო დონის პოლიტიკოსი, უზრუნველყოფდით ქვეყნის წინსვლას და ჩამოიშორებდით მთელ თქვენს კორუმპირებულ გარემოცვას. თითოეული, ვინც ზის ახლა თქვენს გვერდით, არის ქურდი და ნაძირალა და სამწუხაროდ, ვიდრე თქვენ და ეს ხალხი არ გაქრებით როგორც ზამთრის უკანასკნელი თოვლი, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება..."
ამ განცხადებით მან დაასტურა არა მხოლოდ გამბედაობა, არამედ დემოკრატიული გზით მიაღწია კიდევაც ამ გამარჯვებას და ამასთან აიღო უზარმაზარი ვალდებულება საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ამ დღეს და ჯერ კიდევ ორნახევარი წლის წინ მე ვთქვი, რომ საქართველოში დაიბადა მომავალი პრეზიდენტი. ეს განცხადება არ იყო მხოლოდ ამ ფაქტზე დაფუძნებული. მისი გაკეთების საფუძველს მაძლევდა წინაპირობების თანმიმდევრობა და საზოგადოებრივი განვითარება. ბოლო წლებში საქართველოში ჩემს თვალწინ ყალიბდებოდა ორი საზოგადოებრივი ერთეული: ერთი, შედარებით ასაკოვანი თაობა, არა მხოლოდ წლოვანებით, არამედ მენტალიტეტით და მსოფლმხედველობით ძველი ეპოქის პროდუქტი თავის კარგი და ცუდი მხარეებით, და ახალგაზრდა თაობის ერთეული, რომელსაც არ ჰქონდა კომუნისტური ეპოქის არანაირი გავლენა და კომპლექსი, ამასთან ერთად ბევრი მათგანი იყო უფრო დასავლური ორიენტაციის და ნათლად ჩანდა, რომ მსოფლიოს გავლენა რაიმე ფორმით ათქმევინებდა ამ ჯგუფს საკუთარ სიტყვას. მოცემულ ისტორიულ მონაკვეთში ერთმანეთს დაემთხვა მრავალი ფაქტორი: აღნიშნული ჯგუფის ბუნებრივი მოთხოვნილება ახალი და დემოკრატიული საზოგადოების შენების, საქართველოს რეგიონის მიმართ მსოფიო ინტერესის ზრდა, დასავლეთისკენ მისწრაფება, ანტი-რუსული განწყობა საქართველოში, არსებული ხელისუფლების სისუსტე და მართვის სრული უუნარობა. ამ რეალობის ანალიზით ნათელი იყო, რომ აღნიშნულ ფაქტორთა თანადამთხვევა რეალიზებული უნდა ყოფილიყო პოლიტიკური და მენტალური ცვლილებებით. თუ ამ სიტუაციის ანალოგად მოვიყვანთ მატარებელს, რომელმაც ნელ-ნელა მოძრაობა უკვე კარგა ხანია დაიწყო, მისი მემანქანე შეიძლებოდა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო. სოვიეტოლოგებმა და ექსპერტებმა ვერ შეძლეს გაეკეთებინათ ამგვარი პროგნოზი, ვინაიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენების განხილვა ხდებოდა სრულიად სხვა ჭრილში, კერძოდ, როგორც კიდევ ერთი საბჭოთა ერთეულისა.
საქართველოს და მის მეგობარ ქვეყნებს სჯერათ, რომ ახალი თაობა, ევროპული თავი და ქართული, აღმოსავლური გული არის გარანტია გამარჯვებისთვის.

წამყვანი - იციკ მოშეს: ბატონო იციკ მოშე, ძალიან დიდი მადლობა, მეც განსაკუთრებულად აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ ასეთმა მოვლენამ და შედეგმა სისხლის გარეშე ჩაიარა. ღამე მშვიდობისა.
ღამე მშვიდობისა.


 

 

 

Tourism

Read More...  

Weather

Read More... 

Exchange

Read More... 

Map Of Georgia

Read More...

IGCOB President

Read More...


ig-chamber.org

Site Map