Prominant People On IGCOB


Today I repeat my call for Georgia's diplomats, together with their Israeli counterparts, to extend

Read More...  

Projects

Read More...  

Gallery

Read More...  

Links

Press & Information

 

გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი
წარმოადგენენ "1 მედლის 2 მხარეს"
ამბობს ბ-ნი იციკ მოშე, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი


30/05/2005, "ჯორჯიან თაიმსის" ინტერვიუ ბ-ნ იციკ მოშესთან


გასულ კვირას საქართველოში ისრაელის ბიზნეს პალატამ მოაწყო სხვადასხვა პროექტის პრეზენტაცია. უფრო დეტალურად ხომ ვერ ისაუბრებდით ამ პროექტებზე?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პრეზენტაციის ძირითადი თემა იყო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში 30-მდე ახალი კომპანიის გაწევრიანება. ძირითადად, ესენი არიან ებრაული კომპანიები ამერიკიდან და ისრაელიდან, ასევე ქართული კომპანიები, რომლებიც ჩვენი გზით უკავშირდებიან და თანამშრომლობენ უცხოურ ფირმებთან.

ძირითადად რომელ სფეროში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი ისრაელელი ბიზნესმენები?
ინვესტორთა ინტერესის სფეროები საკმაოდ მრავალფეროვანია. ესენია: უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, ლოგისტიკა, თავდაცვა, დაზღვევა და ფინანსური სისტემები, სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ბოლო პერიოდში გამოიკვეთა საერთაშორისო მასშტაბის კომპანიის დაინტერესება აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში და მან პირველი წარმომადგენლობა გახსნა თბილისში.

მესმის, რომ ისრაელელი ინვესტორები გეგმავენ ინვესტირებას უძრავ ქონებაში, რომელიც მდებარეობს თბილისის ისტორიულ უბნებში. თვლიან თუ არა არქიტექტორები, რომ მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული სახის შენარჩუნება?
2-3 წლის წინ საქართველოში ებრაელ ინვესტორთა 70%-ს ჰქონდა ჩავარდნა ბიზნესში და მათი რიცხვი პერმანენტულად მცირდებოდა. დღეს სახეზეა ებრაელ ინვესტორთა საქართველოში დაბრუნების პროცესი, ისრაელიდან წამოსული ინვესტიციების ახალი ტალღა. გეთანხმებით, რომ ვიზუალურად ყველაზე მეტად ჩანს უძრავი ქონების სფეროში მიმდინარე პროცესები, თუმცა არანაკლები დაინტერესებაა სხვა სფეროებითაც. რაც შეეხება უძრავ ქონებას, ვფიქრობ, აქ კარგად ჩანს, რომ უცხოური კომპანიების მიერ განხორციელებული პროექტები გამორჩეულია ხარისხით და ფინიშის მაღალი დონით. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ებრაელ ინვესტორთა განწყობა ქალაქის იერსახის და მისი ისტორიული ნაწილის გაფრთხილების და შენარჩუნებისათვის. მაგალითისთვის, კომპანია DDI-ი ახორციელებს ისტორიული ძეგლის აღდგენას აბანოთუბანში, იმ სახით, როგორც გამოიყურებოდა ეს შენობა 100 წლის წინათ. ბიზნეს ცენტრის "ARCADA" მფლობელებმა არა მარტო შეიტანეს შენობის არქიტექტურაში საკმაოდ ძვირადღირებული ელემენტები, არამედ მთლიანად გუდიაშვილის ქუჩის განვითარებაში მიიღებენ აქტიურ მონაწილეობას ჩვენი გზით. რაც შეეხება ლიმიტებს, რომლებიც არსებობს ქალაქის ცენტრში მშენებლობებისათვის, საკმაოდ მტკივნეული თემაა ინვესტორებისათვის. რამდენადაც ვიცი, მერიის შესაბამის სამსახურებში მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეიქმნას უფრო დახვეწილი, მოხერხებული და ნათელი სისტემა ქალაქის ცენტრის გადარჩენისთვის.

ისრაელელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს მიმართ ბოლო ხანებში უფრო გაძლიერდა, რა ფაქტორებმა განაპირობა ეს?
საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა მთელს მსოფლიოში. ინვესტორთა განწყობის შესწავლის მიზნით ბიზნეს პალატის მიერ სპეციალურად ჩატარებული გამოკვლევით ჩანს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა, ქვეყნის PR, რეფორმები, პოლიტიკური კურსი, კორუფციის დამარცხება - არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა გამო საქართველო ხდება უცხოელი ბიზნესმენებისთვის საინტერესო ქვეყანა.

რას გვეტყოდით იმ დიდ პროექტებზე, რომლებიც საქართველო ისრაელის ბიზნეს პალატამ უკვე განახორციელა საქართველოში?
როგორც მოგეხსენებათ, ბიზნეს პალატა არამომგებიანი ორგანიზაციაა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული კავშირების დამყარება და მხარდაჭერა ევალება. შესაბამისად, ბიზნეს პალატა არ ახორციელებს პროექტებს, არამედ ხელს უწყობს, მხარს უჭერს ინვესტორებს ახალ ბიზნეს კულტურასთან ადაპტაციაში და ზრუნავს მათ წარმატებაზე. რაც შეეხება უკვე განხორციელებულ პროექტებს, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგალითისთვის აღვნიშნავ ერთ-ერთ ბოლო პროექტს, რომელიც წარმატებით დასრულდა და უკვე ფუნქციონირებს. ეს არის კომპანია "DGM"-ის კუთვნილი ბიზნეს ცენტრი ხეთაგუროვის ქუჩაზე, რომელიც თბილისში ერთ-ერთი უმაღლესი დონის საქმიან ცენტრს წარმოადგენს. კომპანიის მფლობელი, ბატონი დავით ელუა სპეციალურად პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა თბილისში და გამოთქვა მზადყოფნა თავის ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღოს კიდევ ორ დიდ პროექტში. არსებობს ძალზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტები, რომლებიც წლების მანძილზე მიმდინარეობდა. ამის კარგი მაგალითია კომპანია "CENTER"-ის მიერ განხორციელებული გრანდიოზული დასასვენებელი კომპლექსი ბაზალეთში. პროექტი წარმატებით სრულდება, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორი ძალიან ხშირად დგებოდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემების წინაშე, თუმცა, ამ საზეიმო დღეს ნუ შევეხებით არასასიამოვნო თემებს.

რამდენად ინტენსიურად ცდილობს პალატა გააძლიეროს ბიზნეს თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის?
ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ ინვესტორთა გაზრდილი ინტერესის გამო ბიზნეს პალატის სამუშაო რეჟიმიც საკმაოდ დატვირთულია. ყოველ კვირას ვიწვევთ დელეგაციებს ისრაელიდან სამუშაო ვიზიტებით. ამ კვირაში ლოგისტიკის სფეროში ისრაელის გამოცდილების შესასწავლად ფოთის პორტის დელეგაცია მიემგზავრება ისრაელში. თუმცა, არის კავშირის ისეთი ფორმებიც, რომელთაც არ სჭირდებათ ინვესტიცია და საზოგადოებისთვის არ ხდება ცნობილი მათი შედეგები. ესენია: ექსპორტ-იმპორტი, გამოცდილების გაზიარება, კულტურული კავშირები. ასეთი კავშირები ორი ქვეყნის ურთიერთობაში არანაკლებ მნიშვნელოვანია. ბიზნეს პალატის საქმიანობის შესახებ აღნიშნულ მიმართულებებში შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ბიზნეს პალატის საიტზე. (www.ig-chamber.org). ჩვენ გავაძლიერეთ ბიზნეს პალატა და ახალ წევრებთან და ინვესტორებთან იმუშავებს გამოცდილი და პროფესიონალი PR-მენეჯერი, ეკა.

იგეგმება თუ არა ბიზნეს ფორუმები საქართველოსა და ისრაელში უახლოეს მომავალში?
26 მაისის პრეზენტაცია იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მოხდა შეთანხმება საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან, რათა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, ზაფხულის ბოლოს, ისრაელში ჩატარდეს ბიზნეს ფორუმი ისრაელის 10 წამყვანი კომპანიის მონაწილეობით. ყველაზე მასშტაბური ბიზნეს ფორუმი კი, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ორგანიზებით ჩატარდა, იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ებრაელ ბიზნესმენებთან მისი ისრაელში ვიზიტის დროს. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან დიდი სტიმული ებრაელი ინვესტორების საქართველოში დაბრუნებისთვის და ფორუმში მონაწილე ბიზნესმენთა თითქმის 60%-მა უკვე დაიწყო საქმიანობა ან ბაზრის შესწავლა საქართველოში.

რას იტყოდით საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებელობაზე და წარმატებული ბიზნესისათვის სასურველ კლიმატზე?
1997 წელს ისრაელს პირველი ადგილი ეკავა საქართველოში კერძო ინვესტიციების მიხედვით. შემდეგ სურათი შეიცვალა და მაშინ, როდესაც ისრაელიდან აღმოსავლეთ ევროპაში 10 მლრდ. დოლარის ინვესტირება ხდებოდა, საქართველოში მისი წილი მიზერული იყო. მოხარული ვარ, რომ დღეს ისრაელელი ბიზნესმენები კვლავ ინტერესდებიან საქართველოთი და ისრაელი იბრუნებს ბუნებრივ ადგილს ქართულ ეკონომიკაში. ეს არის ორი ქვეყანა, რომელთა შორის 2 საათის საფრენი მანძილია, ეს არის დიდი წარსული მქონე ორი პატარა ერი, რომლებიც ისტორიულად მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და რომელთაც საკვანძო როლის შესრულება შეუძლიათ რეგიონალურ პოლიტიკაში, ამიტომ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ ბიზნეს მაჩვენებლებით. მიუხედავად იმისა, რომ მე არა ვარ დაკავებული ქართველ ებრაელთა და ქართული ურთიერთობების წარსულით და ნოსტალგიით, ...ისრაელისა და საქართველოს ურთიერთობაში ყოველთვის იქნება განმსაზღვრელი წარსული, ისტორიულად ერთი ბედი და პოლიტიკური ვექტორიც. უნდა ვუყუროთ ხვალინდელ დღეს, და ვიცოდეთ რომ, "გაფართოებულ ახლო აღმოსავლეთში საქართველო და ისრაელი წარმოადგენენ 1 მედლის 2 მხარეს". მე არ მინდა პოლიტიკური განცხადებები გავაკეთო, როდესაც უკვე დიპლომატიური მისიები აქ იმყოფებიან, მაგრამ, აშკარად ჩანს, რომ ყოველი მოვლენა ერთ რეგიონში იწვევს სწრაფ რეაქციას მეორე რეგიონში. დღეს ორივე ქვეყანა არის დაკავებული თავიანთი რეგიონალური პრობლემებით, და ამიტომ ზოგიერთი გამოთქმული იდეები არ არის დამაჯერებელი. იმისაც არ სჯეროდათ, როდესაც ეკონომიკურ ურთიერთობაში ყველაზე ჩავარდნილ ჟამს, პრეზიდენტთან შეხვედრის ფორუმი იერუშალაიმში, ჩავატარეთ ლოზუნგის ქვეშ: "დავუბრუნოთ ისრაელს ლიდერობა ქართულ ეკონომიკაში". დღეს 1 წლის შემდეგ ეს ლოზუნგი რეალობას უახლოვდება.

რა უნდა შეიცვალოს, რომ მოვიზიდოთ უფრო მეტი ისრაელელი ინვესტორი საქართველოში?
26 მაისის პრეზენტაციით ჩვენ განვაცხადეთ ებრაელ ინვესტორთა დაბრუნების შესახებ. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესს არ ჰყოფნის მხოლოდ ერთი მხარის მონდომება და სურვილი. "წარმატებული ბიზნესი ჰგავს ტანგოს", სადაც ჰარმონიისთვის ორივე მხარის შეთანხმებული მოძრაობაა საჭირო. რათქმაუნდა, პრობლემები უამრავია, მაგრამ ნამდვილად ჩანს ქართული მხარის სურვილი გაუმჯობესდეს საინვესტიციო გარემო ქვეყანაში. კორუფციასთან ბრძოლა, ბიზნესის გათავისუფლება კლანური და კრიმინალური პრესისგან, სწორი საგადასახადო პოლიტიკა არის ის მიმართულებები, რომლებშიც უდაოდ გადაიდგა ნაბიჯები და იმედია, ეს კურსი არ შეიცვლება. უკვე არა მარტო საქართველო, არამედ სამყაროც შეიცვალა. დიდ ინვესტიციას დიდი ძალა მოჰყვება, თავისი დაცვა, დაზღვევა და ა.შ. ამიტომ ინვესტორების დაცვა არის საქართველოს მთავრობის პირდაპირი ვალდებულება. თუ ქვეყანა აცხადებს, რომ მას უნდა ინვესტიციები, მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის დასაცავად. მე ვერ ვხედავ არა მარტო საქართველოს, არამედ რომელიმე ქვეყნის პროგრესს ინვესტიციების გარეშე.

სულ ცოტა ხნის წინ მოეწყო ბიზნეს პალატის ვებ გვერდის პრეზენტაციაც. თქვენი აზრით, დაეხმარება თუ არა ეს ისრაელელ ბიზნესმენებს საქართველოში ინვესტირების განხორციელებაში?
მიუხედავად ყველაფრისა, რის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობის პოტენციალი მხოლოდ 5%-ითაა ათვისებული და მასშტაბურად ისრაელელებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ საქართველოს შესახებ. სწორედ ამიტომ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ვებ-გვერდის ფორმასა და შინაარსზე ძალიან ბევრია ნაფიქრი. ქართველისთვის ეს შეიძლება იყოს ტრივიალური საიტი, მაგრამ უცხოელისთვის, მით უფრო, დაინტერესებული ბიზნესმენისთვის აქ არის ყველა საჭირო ინფორმაცია და აქცენტები იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინვესტორისთვის. საინტერესოა, რომ საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ "10 ძირითად წესს" (წარმატებული ბიზნესისათვის, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს გამოცდილებაზე და უნივერსალურია ქართველი და უცხოელი ბიზნესმენებისათვის. თითოეულმა ებრაელმა ინვესტორმა საჭიროა იცოდეს, რომ საქართველოში ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია გამოიაროს ისრაელის საელჩო, რომელთანაც ბიზნეს პალატა ტრადიციულად ეფექტურად თანამშრომლობს. ყოველი ებრაელი ინვესტორი საქართველოში უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით არის ისრაელის საელჩო, საქართველოს ხელისუფლება და მაკოორდინირებელი რგოლის ფუნქციას ასრულებს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა.

 

 

 

Tourism

Read More...  

Weather

Read More... 

Exchange

Read More... 

Map Of Georgia

Read More...

IGCOB President

Read More...


ig-chamber.org

Site Map